უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 2021 წელს სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – 82 212 სტუდენტი (თითქმის ყოველი მეორე) ვეღარ აგრძელებს სწავლას, მათ შორის, ფინანსური დავალიანების გამო – 33 109 (რეალურად, ეს ციფრი გაცილებით მეტია, რადგან, გარკვეული მოსაზრებების გამო, სტუდენტები ოფიციალურად არ აფიქსირებენ ფინანსურ პრობლემას).
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე, აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დადგა პანდემიის დროს. 01.02.2020 წლიდან დღემდე (პანდემიის პერიოდში): სტატუსი შეუჩერდა 63 037 სტუდენტს, ფინანსური დავალიანების გამო – 28 401 სტუდენტს.
ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების დაფინანსების მოთხოვნით შევადგინეთ პეტიცია – 10 ათასი სტუდენტის სახელით, რის შედეგადაც ქ. თბილისის მერიამ გაითვალისწინა ჩვენი მიმართვა და გასულ წელს, დააფინანსა როგორც წარჩინებული სტუდენტები, ასევე სოციალურად დაუცველთა კატეგორია – (150 000 ქულა და ნაკლები). მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით კი გათვალისწინებულია 3 000-ზე მეტი სტუდენტის დაფინანსება.
მართალია, სტუდენტები დაფინანსდნენ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სპეციალური პროგრამებითაც, თუმცა, ჩამოყალიბებულია მთელი რიგი კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც უამრავი სტუდენტი, რომელთაც აქვთ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გამწვავებული პანდემიის დროს, რჩება განათლების მიღმა.
დღეს არსებული ოფიციალური მონაცემით, სწავლას ვეღარ აგრძელებენ: სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2008 სტუდენტი, სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი – 61 სტუდენტი, სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – 724 სტუდენტი.
ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული აქვს – სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 637 სტუდენტს, სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი – 7 სტუდენტს, სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – 37 სტუდენტს.
ამიტომ, მოგმართავთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაითვალისწინოთ პანდემიური მდგომარეობა, მძიმე-სოციალურ ეკონომიკური ფონი, შეისწავლოთ სტუდენტების საჭიროებები, სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის, გაზარდოს ბიუჯეტი და გაზარდოთ სოციალურად დაუცველი სტუდენტების ქულათა კატეგორია (როგორც ეს თბილისის შემთხვევაშია) 150 000 ქულა.