ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიას და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ,,პროგრესის ცენტრმა“ ოფიციალურად მივმართეთ, სარეზერვო ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ სოციალურად დაუცველი და წარჩინებული სტუდენტები, ხოლო უნივერსიტეტმა გადაუვადოს სტუდენტებს გადასახადი.
სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი ეროვნული დონის პრობლემად იქცა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დადგა პანდემიის დროს.
საქართველოში 82 000-ზე მეტ სტუდენტს შეჩერებული აქვს სტატუსი, ხოლო, განათლების სამინისტროს მონაცემებით, აჭარის რეგიონში 2021 წლის ბოლოს სტატუსი შეჩერებული ჰქონდა 2 793 სტუდენტს.
აჭარის მთავრობის მიერ შეთავაზებული არსებული პროგრამები ვერ ფარავს სტუდენტთა გამოწვევის მასშტაბებს და უამრავი ახალგაზრდა რჩება განათლების მიღმა.
უახლოეს დღეებში მხოლოდ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტატუსის შეჩერების საფრთხის წინაშე დგას 3 049 სტუდენტი.
მოგეხსენებათ, ,,პროგრესის ცენტრი“ სტუდენტთა უფლებადამცველი ორგანიზაციაა, რომელმაც პირველმა დაიწყო ბრძოლა სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემასთან დაკავშირებით და ორგანიზაციის რამდენიმეწლიანი ბრძოლის შედეგად, საქართველოს მთავრობამ აღიარა პრობლემა და დაფინანსების მოდელს ცვლის.