ორგანიზაცია პროგრესის ცენტრის სახელით, გვსურს საბოლოო ინფორმაცია მოგაწოდოთ სს “რუსთავი აზოტში” განვითარებულ მოვლენებზე.
პროგრესის ცენტრი, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია სს “რუსთავი აზოტის” გაფიცულ თანამშრომლებს გაფიცვის დღიდან სამართლებრივ დახმარებას უწევს. თითქმის ერთკვირიანი უწყვეტი პროტესტის შედეგად გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება მიღწეულია!
ჩვენი სრული ჩართულობითა და გაფიცულების დიდი ბრძოლისუნარიანობით, შევძელით და კომპანიამ ხელფასები გაზარდა! აქვე ვიტყვით, რომ მიღწეული შედეგი, რა თქმა უნდა, მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებს სრულად ვერ პასუხობს, თუმცა მშრომელ ხალხს შრომის ანაზღაურება გარკვეულად მაინც გაეზარდა.
თანამშრომლების თითქმის სრული ნაწილი სამუშაო პროცესს უკვე დაუბრუნდა.
ჩვენი მხრიდან ყურადღებას გავამახვილებთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც ეხება მიღწეული შეთანხმების ოფიციალურ მხარეს. ხაზგასმით ვამბობთ, რომ უპირობოდ მნიშვნელოვანია გაფორმდეს შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ამ შეთანხმებას დაიცავს. აქვე აღვნიშნავთ, რომ მსგავსი დოკუმენტი კომპანიას ამ დრომდე არ წარმოუდგენია.
პროგრესის ცენტრის იურისტები შეთანხმების ოფიციალურად გაფორმებამდე, თანამშრომელთან აქტიურ კომუნიკაციასა და სამართლებრივ კონსულტაციებს გააგრძელებს.